20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
პარლამენტის არჩევის წესი არ ვარგა - არასამთავრობოები მოსაზრებებს პარლამენტის თავმჯდომარეს აცნობენ

სამოქალაქო სექტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი საარჩევნო სისტემაა, რომლითაც მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს, სისტემის სამართლიანობას ვერ უზრუნველყოფს.

„კომისიის დასკვნა იყო ერთ ეტაპი, ახლა იწყება მეორე ეტაპი და ვნახოთ რამდენად შეძლებს ხელისუფლება დაასაბუთოს თავის პოზიციები. მე ვფიქრობ, რომ გვაქვს შანსი დისკუსიების შედეგად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ის კრიტიკული საკითხები, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მაგალითად პარლამენტის არჩევის წესი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვარგა,“ - განაცხადა ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელიც. კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ცვლილებებით, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს განსაზღვრავს, პროპორციული არჩევნების არსს ამახინჯებს. მისი თქმით, ასევე პრობლემად რჩება არსებული 5%-იანი ბარიერი და ბლოკების შექმნის აკრძალვის ნაწილიც.

„ჩვენი მოსაზრებით ეს საარჩევნო სისტემა არის არასამართლიანი. პროპორციული სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პარტიამ მიღებული ხმების პროპორციულად მიიღოს პარლამენტში მანდატები, ზუსტად ეს ძირითადი არსი არის დამახინჯებული,“ - აცხადებს კანდელაკი.

შეხვედრას ესწრება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელიც. ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ ორგანიზაციას აინტერესებს ხელისუფლების ხედვა იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც ცვლილებებს ახლავს.

 

დღის ამბები