მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს. საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ დაკავებულები.
სასამართლოს დაწყებამდე მედიასთან განცხადება გააკეთა ქობულეთის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან. ის პროკურატურის მიერ ირაკლი ჩხვირკიასთვის ბრალის წაყენებას "პოლიტიკურ ნაბიჯს" უწოდებს.
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიებამ ბრალი 12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების გამო წაუყენა. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს. საგამოძიებო უწყების ვერსიის აბსურდულობაზე საუბრობენ ადვოკატებიც.
იმაზე, რომ კავშირი ჩხვირკიასა და ღოღობერიძეს შორის არ არსებობს, საუბრობენ პოლიტიკოსები.
ნაციონალურ მოძრაობაში მერაბ ღოღობერიძის ორგანიზატორობას, მისივე განცხადებებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავენ. ირაკლი ჩხვირკია კი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს თვალს თბილისიდან ადევნებდა და აჭარაში მხოლოდ მოგვიანებით ჩავიდა.
ირაკლი ჩხვირკიას უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებათ რესპუბლიკურ პარტიაშიც.
ავტორი: თეა ვარშალომიძე