„წაიღო საეთერო დროის ერთი 12-15 წუთი, თქვა თითქმის ყველაფერი და აბა გაიგეთ რამე?“ - ეს განცხადება პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას, კომენტარის შეფასებისას გააკეთა.
მისი აზრით, ნინო ჩხეტიამ წრეზე იარა და საბოლოოდ არაფერი თქვა.
„რამე თქვა კონკრეტული? ერთადერთი გავიგე ის, რომ ამოეფარა უდანაშაულობის პრეზუმციას, რომ არ თქვა არაფერი. ის გახლავთ პოლიტიკოსი და მისგან ჩვენ ველით თამამ პოლიტიკურ შეფასებებს,“ - განაცხადა მედეა ვასაძემ.
მისი აზრით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გარკვეულ დეპუტატებს საუბრის უფლებას არ აძლევენ და მათ ავტორიტეტი არ აქვთ.
„თქვენ რომ ავტორიტეტი გქონოდათ და მომხდარიყო იმ ყველაფრის აღკვეთა ისე, რომ გვამები არ დაგეწყოთ იქ, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს ყველაფერი მოთავსდებოდა სიტყვისა და გამოხატვის ფარგლებში და არ იქნებოდა 80 გაუბედურებული ოჯახი,“ - განაცხადა მედეა ვასაძემ.
ნინო ჩხეტიას განცხადებით, ამ საკითხზე ის პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებდა.
არჩევანის პირდაპირ ეთერში მხარეების დებატები ცხარე კამათში გადაიზარდა.