ბორჯომში, ღამით, ფარულად ჩატარებულმა ე.წ. დასუფთავების ოპერაციამ, მოვაჭრეები ქუჩაში გამოიყვანა. 9 აპრილის ქუჩაზე მისულ მოვაჭრეებს ჯიხურების წინ გამოტანილი მაგიდები დამტვრეული, ნაწილი კი გატანილი დახვდათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, ადგილზე გარევაჭრობას კვლავ გააგრძელებენ.
ჯიხურებში პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთის გაყიდვით თავს 10-მდე ოჯახი ირჩენს. ამბობენ, რომ გამგებლის გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან. მოვაჭრეები გამგებლის პირად დაინტერესებაზეც საუბრობენ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ უნებართვო კონსტრუქციები ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა, მოვაჭრეები კი ამის შესახებ არა ერთხელ გააფრთხილეს.
9 აპრილის ქუჩაზე ჯიხურები ბორჯომის გამგეობამ ერთი წლის წინ განათავსა, მოვაჭრეებმა კი ფართები აუქციონის წესით შეიძინეს. ისინი ჯიხურების წინ დახლების დადგმას კვლავ აპირებენ, დახმარებას კი მთავრობას თხოვენ.
ავტორი: მაია იველაშვილი.