იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სახის სანქციების დაწესებას გულისხმობს, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილი ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს. ომბუდსმენის განმარტებით, კანონმდებლობაში ისედაც არსებობს ამ ტიპის რეგულაციები და მათი გამოყენება მოსამართლეებს შეუძლიათ.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, სწორედ ამიტომ უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არასერიოზულია, მით უმეტეს არსებობს გარკვეული რეგულაციები, ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული დაცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნია ყველას. ამავე დროს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.