თბილისში ავტობუსებით და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფასი უცვლელი 3 წლის განმავლობაში იქნება
ინფორმაციის თანახმად, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საკითხი, რომლის თანახმად, თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მოექცა. შესაბამისად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით თბილისში მგზავრთა გადამყვან კომპანიებს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეღავათი გაეწიათ და ისინი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
"რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ კომპანიებს ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდათ და სწორედ ამის ხარჯზე სამი წლის განმავლობაში ტარიფების ზრდა აღარ მოხდება,’’ - აღნიშნა ტყემალაძემ.