ამერიკის დღეები 2017 თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დასასრულს ჯანსუღ კახიძის ცენტრში ამერიკელი კომპოზიტორის ჯონ უილიამსის კინო მუსიკა შესრულდა.
საათნახევრიან ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის მოქმედი და ყოფილი ელჩები ესწრებოდნენ.
ამერიკის კვირეულის ფარგლებში სხვადსხვა ღონისძიება დედაქალაქის გარდა გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში.
„დიდებული კვირა იყო. გვქონდა არაჩვეულებრივი სესია, სამი ელჩის მონაწილეობით. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ალბათ საუკეთესო დასასრულია, როდესაც ქართველი მუსიკოსები ამერიკულ მუსიკას ასრულებენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს 25 წლის თავს და გეტყვით რომ ჩვენ ვიყავით მუდამ საქართველოს გვერდით და ვიქნებით მომავალშიც,“ - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.