ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის დრამატული თეატრის განახლებული შენობა რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. არქიტექტურულად, პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა არა მისი შესრულების ხარისხი. ნაგებობა ნელ-ნელა იშლება. თეატრის ჭერიდან ფრაგმენტები და ტექნიკური აღჭურვილობის დეტალები ცვივა.
გაუმართავ ნაგებობას უკვე ჰყავს კონკრეტული მსხვერპლიც. მამაკაცი, რომელიც მუშაობის პროცესში მოწყვეტილ ლიფტთან ერთად ჩამოვარდა და სამუდამოდ დასახიჩრდა. ვასილ ჭითანავა ცხოვრების ბოლომდე სავარძელს იქნება მიჯაჭვული.
რა მოხდა რეალურად თეატრის სარდაფში ამას გამოძიება ტრაგედიის დღიდან უშედეგოდ არკვევს.
ვასილ ჭითანავას ადამიანური ცხოვრების გასაგრძელებლად, აუცილებელია სარეაბილიტაციო თერაპია. 1კურსის ღირებულება 11 ათასი ლარია. დაზარალებული თეატრისგან ტრავმის საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო კურსების თანხებს სასამართლოს გზით ითხოვს.
ფოთის საქალაქო სასამართლომ ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ თეატრის ადმინისტრაციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ავტორი: თეა ადეიშვილი.