19 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
ზღვარი მოსამართლის შეურაცხყოფასა და კრიტიკას შორის - პოლიტიკოსები გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა, რომელიც მოსამართლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის დაწესებას გულისხმობს, კვლავ აქტიური განხილვის საგნად რჩება.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ინიციატივას სურვილის შემთხვევაში განიხილავენ, თუმცა მათივე თქმით, გარკვეული რეგულაციების მიღება არ მოხდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება ოდნავ მაინც რისკის ქვეშ აყენებდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენს მიერ არ იქნება გაზიარებული. მაგრამ, ჩვენ ყურადღებით ვნახავთ იმ პაკეტს ან ნორმაში ცვლილებას, რომელიც შეიძლება შემოგვთავაზონ ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადება მიუღებელია ოპოზიციისთვის. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ინიციატივა ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.  

„ამ ინიციატივით ქართული ოცნება ცდილობს, რომ ძალისმიერი მეთოდებით ქართულ საზოგადოებას ამოუკეროს პირი, რაც მიზნად ისახავს ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ეს არის თანასწორთა შორის კიდევ უფრო თანასწორთა კლასის შექმნის ინიციატივა,“ - აცხადებს ენმ-ის წევრი კოტე იოსელიანი.

რეგულაციების შემოღების წინააღმდეგია ევროპული საქართველოც. გიგი წერეთლის თქმით, სიახლე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ის უმრავლესობამ არც კი უნდა განიხილოს.

„ჩვენ ძალიან არ გვსიამოვნებს ბევრი რამ, მაგრამ ეს საკითხი არ დაგვიყენებია. მე პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში და თუნდაც დეპუტატები. კანონმდებლობით ზოგიერთი სხვა ამ ტიპის გადაცდომა რეგულირდება და მე ნამდვილად არ ვიცი მოსამართლეებზე ცალკე ეს მოხერხდეს,“ - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი.

დღის ამბები