იუსტიციის საბჭო საერთო სასამართლოებში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. დღეს 15 მათგანს უნდა მოუსმინონ, მათ შორის არის რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში შორენა ყაველაშვილიც.
ჯერჯერობით ყაველაშვილთან გასაუბრება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე დასრულდა შეხვედრა მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან, პროკურორ რევაზ ნადოისთან.
რამდენიმე წლის წინ ის მოსამართლის თანამდებობას ერთხელ უკვე იკავებდა. ნადოიმ დღეს ჟურნალისტებთან 2010 წელს სასამართლო ხელისუფლებიდან წასვლისა და უკან დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.
პროკურორი ამბობს, რომ მაშინ მოსამართლის თანამდებობა, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, 2010 წელს მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა იმიტომ, რომ იმ პერიოდში არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფდა.
დღეს რევაზ ნადოი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რის გამოც მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა.
„წლების განმავლობაში მე ვიყავი მოსამართლე. სამწუხაროდ, ძველი მოწვევის საბჭოს ქმედებებში მე ვერ დავინახე ის ვალდებულება, იმ ამოცანების შესრულება, რომელიც კანონით ეკისრება. ზრუნვა მოსამართლეზე, მოსამართლის ნორმალური საქმიანობისთვის პირობების შექმნა, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ეს მონაცემები ძველი მოწვევის საბჭოს ქმედებებში მე ვერ დავინახე. სწორედ ამის გამო, 2010 წელს მე განცხადებით მივმართე იმ დროს მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მოვითხოვე თანამდებობიდან გათავისუფლება და წამოვედი სასამართლო ხელისუფლებიდან," -განაცხადა რევაზ ნადოიმ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა, საერთო სასამართლოებში სხვა ვითარება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი სხვა წევრები არიან.
რევაზ ნადოი რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორი იყო საქალაქო სასამართლოში, მათ შორის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ბაჩო ახალაიას რამდენიმე საქმის, მათ შორის სერგო თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეების პროკურორი.