ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშის წარდგენა დღეს პარლამენტში ხმაურის, ურთიერთბრალდებებისა და წარსულის გახსენების ფონზე მიმდინარეობდა. ხელისუფლებისთვის და საპარლამენტო უმრავლესობისთვის უჩა ნანუაშვილის მოხსენებაში მოხვედრილი შენიშვნები მიუღებელი აღმოჩნდა.
კერძოდ, უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა, სახალხო დამცველი უფლებამოსილებების გადამეტებასა და სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართვაში დაადანაშაულა.
სახალხო დამცველის მოხსენებას პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მთავარი პროკურორის მოადგილეც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება დღეს სწორედ შოთაძის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ, გააკეთა.
მან ღიად მიანიშნა, რომ პროკურატურა ნანუაშვილის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს და უჩა ნანუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეში „მიკერძოებული მხარე“ უწოდა. თუმცა, ომბუდსმენი არ აპირებს, საკითხები, რომლებზეც უნდა ისაუბროს და რომლებზე - არა, პროკურატურასთან შეათანხმოს.
ომბუდსმენის ანგარიშის განხილვისას დღეს მთავრი თემა რუსთავი2-ის საქმე და სასმართლო სისტემაში არსებული ხარვეზები იყო. ამ საკითხზე მოხსენებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც, გამოვიდა.