მუქარა და ზეწოლა მოსამართლეებზე - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის სკანდალური განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეებზე მუქარას უშუალოდ ნინო გვენეტაძე ახორციელებდა, კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე შეხვედრა ისე დატოვა, რომ მედიასთან არ გამოჩენილა.
ამ თემაზე ჯერჯერობით საკუთარი პოზიცია არც იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს არ დაუფიქსირებია.
როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესამსახურში აცხადებენ, ზაზა ხატიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
გუშინ არჩევანის ეთერში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პირადად ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეებზე, მათ შორის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე, რათა მათ შეეწყვიტათ წინააღმდეგობა ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით. ხატიაშვილის ინფორმაციით, ნინო გვენეტაძე ასევე მოითხოვდა მოსამართლეებს ეკა გასიტაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატად დაესახელებინათ.