ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გადაცემა არჩევანში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პასუხობს.
ლევან მურუსიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ზაზა ხატიაშვილის განცხადებები ფანტაზიის სფეროა.
მისივე თქმით, ზეწოლის შესახებ მისთვის არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და არც სხვა მოსამართლეებს არც ერთხელ არ მიუმართავთ.
„არავის, არც მამუკას თავის დროზე არ მოუმართავს პირადად ჩემთვის და საბჭოსთვის, რომ ვინმე ახორციელებდა ზეწოლას. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ჰაერზე ვილაპარაკოთ ისეთი თემები, რაც არ არის მტკიცებულებით დადასტურებული. გასაგებია ეს პოზიცია, მაგრამ ახლა არ ვთვლი საჭიროდ, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
"სიმართლე გითხრათ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რა განცხადებებს გააკეთებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. იმიტომ არ ვაკეთებ, რომ არ მიმაჩნია სერიოზულად. ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, არაფერ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ ხდება და იმაზე საუბარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არც არის აქტუალური, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ზაზა ხატიაშვილის განცხადების მიხედვით, მოსამართლეებზე მუქარას უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ახორციელებდა. ინფორმაცია გადაცემა არჩევანში საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმაც დაადასტურა.