18 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ე.წ. კლანები და არაჯანსაღი დამოკიდებულება სასამართლოში-არასამთავრობოები ხატიაშვილის ბრალდებებზე განმარტებებს გვენეტაძიგან ითხოვენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან  მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ არჩევანის ეთერში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა  განცხადებებმა,  სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარება და კრიზისი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, დავით ჯანდიერს მიაჩნია, რომ გაჟღერებული ბრალდებები დამატებით დაზუსტებას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან განმარტებებს საჭიროებს.

„ეს განცხადება ადასტურებს სასამართლო სისტემაში არაჯანსაღ დამოკიდებულებას და კლანური მმართველობის არსებობას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს განმარტებები ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსამართლის დამოუკიდებლობა გულისხმობს არა მხოლოდ მის დამოუკიდებლობას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ან მხარეებისგან, არამედ სასამართლოში შიდა დამოუკიდებლობას,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

სასამართლო ხელისუფლებაში ე.წ. კლანების არსებობაზე საუბრობენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

„დღეს სასმართლოში არსებობს ე.წ. კლანები. რამდენიმე ჯგუფი მოსამართლეების, რომელსაც აქვს შეუზღუდავი გავლენა სასამართლო სისტემაზე. ამგვარი კლანების დაპირისპირება გამოიკვეთა იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე შეეხებოდა ბატონი ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანი გაათავისუფლა არ იყო კანონთან შესაბამისი,“-განაცხადა გიორგი ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ხატიაშვილის განცხადების მიხედვით,  მოსამართლეებზე მუქარას უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,  ნინო გვენეტაძე ახორციელებდა. ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმაც დაადასტურა.

დღის ამბები