თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დილიდან ჩაშლილია. პედაგოგები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა მიუღებელი, რომლის მიხედვითაც 2 სკოლის, 162-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს.
162-ე სკოლის დირექტორმა მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა. პედაგოგების თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მშობლებთან და პედაგოგებთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
„ხომ არის მემორანდუმში პირობა, რომ ეს ორივე მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს და ჩვენი მხარე არ არის თანახმა. სკოლა ერთი ადამიანი არ არის, სკოლა არის მთელი კოლექტივი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
პედაგოგების პროტესტს მშობლებიც შეუერთდნენ, მათი აზრით, სამინისტროს გადაწყვეტილება და დირექტორის მიერ ამ მემორანდუმზე ხელის მოწერა 162-ე სკოლის დახურვას გამოიწვევს. პროტესტი საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმაც გამოთქვა.
„ასე ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერი სკოლის ჯერ შევიწროვება და შემდეგ გაქრობა, ასეთი ამბები არის დაუშვებელი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოსწავლეების მშობლებისა და პედაგოგების აზრით, ამგვარი შერწყმის შედეგად "პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლას ნელ-ნელა დაიპყრობს“.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით კი სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმი არა ოპტიმიზაციას, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობას გულისხმობს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. ჩვენ გვგონია, რომ სკოლების ერთმანეთთან თანამშრომლობის პრაქტიკა გრძელვადიან პერიოდში ხარისხობრივ გაუმჯობესებას მოიტანს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამ წუთებში 162-ე სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე მართავს.