საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. მხარეებმა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ რომელი მტკიცებულებები დაუშვა, წინასასამართლო სხდომის სრულად დახურვის გამო მედიისთვის უცნობია.
პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, საპატრიარქოს იურისტის განცხადებას ეხმიანება. ედიშერ ქარჩავა პროკურორის არგუმენტს არ ეთანხმება და ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე იხილება კონკრეტული დანაშაული და არა საქმე, რომელიც, შესაძლოა, ეხებოდეს საპატრიარქოს იმიჯს.
პროკურორმა კი ამ ფაქტის გამო დეკანოზის ადვოკატები არასწორი ინტერპრეტაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ არც კი გვიხსენებია საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია, არც კი აღვნიშნეთ ამის შესახებ. იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა, საჯაროდ ვთქვათ ის მონაცემები, მაგალითად, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქრა, რა იყო ეს მუქარა, რა შინაარსის იყო. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება,“ - აცხადებს ჯარჯი წიკლაური.
ადვოკატი, მიხეილ რამიშვილის თქმით, მათი ოპონენტები მტკიცებულებებად ირაკლი მამალაძისა და ჯარჯი წიკლაურის სატელევიზიო გამოსვლების დაუშვებლად ცნობას ითხოვენ.
„კონკრეტიზაციას სასამართლო გადაწყვეტს, რომელია დაუშვებელი მტკიცებულება და მერე თუ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება, მერე უკვე გეცოდინებათ, რომელ მტკიცებულებებს ეხებოდა აღნიშნული შუამდგომლობა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.