18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
თბილისს ზაფხულში ახალი ზოოპარკი ექნება

ახალი ზოოპარკი პირველ ბინადრებს ორშაბათს მიიღებს. 48 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც დედაქალაქის ცენტრიდან ზოოპარკი უნდა გადავიდეს, ჯერ მხოლოდ ერთი ვოლიერის მშენებლობა დასრულდა. ახალ ზოოპარკში პირველადი სამუშაოებისა და ორი ვოლიერისათვის თანხა გერმანულმა მხარემ გამოყო, თუმცა არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო, ამ ტერიტორიაზე ცხოველებისათვის საჭირო პირობების შექმნა და ახალი მშენებლობების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საჭირო თანხების მოძიებისთვის ზოოპარკის ადმინისტრაცია რამდენიმე პროექტს ამზადებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდში შეიტანს.

ზოოპარკის ძირითადი ნაწილი ახლის აშენებამდე კვლავ ძველ ტერიტორიაზე დარჩება. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად განახლდა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის თანხების მოსაძიებლად ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ. რა დანიშნულებისთვის გამოიყენებს ადგილობრივი მთავრობა, ზოოპარკის გადატანის შემდეგ თბილისის ცენტრში მდებარე ტერიტორიას ზოოპარკის ადმინისტრაციისთვის უცნობია.

რა ვადებში დასრულდება ახალი ზოოპარკის მშენებლობა საბოლოოდ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი ნაწილის გახსნას ადმინისტრაცია ზაფხულში გეგმავს. მანამდე კი ორშაბათს ახალ ვოილერში მგლებს გადაიყვანენ.  

დღის ამბები