ოზურგეთში გუშინ ღამით დაკავებული 3 ახალგაზრდა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დაპირისპირება პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ოზურგეთში გვიან ღამით, საბილიარდოში მოხდა.
ხმაური ოზურგეთის პოლიციასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის ბილიარდის თამაშის დროს დაიწყო. ახლობლების მტკიცებით, პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
შსს-ში განმარტავენ, რომ 2 სამართალდამცველი საბილიარდოში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმაური გაიგეს. პოლიციამ ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
დაკავებულების ოჯახის წევრების მტკიცებით, ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავია, ხოლო მეორე შსს-ს მაღალჩინოსანი.
ავტორი: ლადო მენაბდე.