„საფუძვლიანი ეჭვი გამაჩნია, სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგი მამალაძის სახის შენარჩუნებას," - ამის შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაცხადა.
მისი აზრით, ნებისმიერი სასულიერო პირის ინტერესებს პროკურატურისგან დაცვა არ სჭირდება.
"მამა გიორგი მამალაძე, როგორც, ნაწილობრივ, ჩანაწერი ვიხილეთ, იმ ეპითეტებით საუბრობს და ჟარგონული ტერმინოლოგიით მოიხსენიებს გარკვეულ პირებს, როგორც ინფორმაცია გამაჩნია, უარესს აკეთებს და უარესად მოიხსენიებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს და ეს ჩანაწერი არის დასტური, როგორი არ უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი,“ - აღნიშნა ქარჩავამ.
ედიშერ ქარჩავამ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ითხოვდა ის მამა გიორგი მამალაძის სასამართლოს სხდომის საჯაროობას.
ედიშერ ქარჩავასთვის პროკურატურის არგუმენტები მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ საკმარისი არ არის.
„პროკურატურა ფაქტობრივად, გამოდის, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად იცავს მამა გიორგი მამალაძის ინტერესებს. მამა გორგი მამალაძეს პროკურატურის მხრიდან დაცვა არ სჭირდება,“ - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
ედიშერ ქარჩავას თქმით, დეკანოზის საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია არის ნეიტრალური და ის არცერთ მხარეს წარმოადგენს.