საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი სავარაუდოდ ანესთეზიოლოგია. ქალის ცხედარი დანაწევრებულია, რასაც ოჯახი ადასტურებს, თუმცა მისი დაკრძალვა საგამოძიებო მოქმედებების გამო ისევ ვერ ხერხდება.
36 წლის დიანა ბერიძე სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. 9 დღის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ცხედარი კუმძულ ჰალიდიკის ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს.
„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა უკვე ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, შემდეგ ვიდეოთვალებმა აჩვენეს, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. ინფორმაცია გვაქვს, რომ გოგონა არის სანახევროდ დანაწევრებული,“ - განაცხადა დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ.
მისი თქმით, ექსპერტები ასევე იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან.
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.