თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია შიოშვილმა, აიტექნიკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და iPhone+-ს აიტექნიკის სასარგებლოდ 890 000 ლარის გადახდა დააკისრა. ორივე მხარე გადაწყვეტილებას განჩინების გადმოცემის მერე გაასაჩივრებს.
iPhone+-ის დამფუძნებელმა, მამუკა მარღიშვილმა, სასამართლოს გადაწყვეტილება "ბიზნესის თანამედროვე რეკეტად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ვალერიან ცერცვაძის საოჯახო ბიზნესი, აიტექნიკი, ბაზრიდან კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.
Apple-ის ტექნიკის რეალიზატორმა კომპანია აიტექნიკმა სასამართლოს კონკურენტი iPhone+-ის წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. საქალაქო სასამართლომ აიტექნიკის სარჩელის უზრუნველყოფისთვის iPhone+-ს მილიონ ნახევრიანი ყადაღა დაადო.
აიტექნიკი iPhone+-ს საკუთარი Facebook გვერდის გაუქმებას, დომეინი iTechnics.ge-ს და ყალბი Facebook-გვერდის iTechnic Georgia-ს შექმნას ედავება.