ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის სახალხო განხილვა დასრულდა. შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რიცხვი დღეს ძალიან დიდი იყო. საქართველო პრეზიდენტის აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ მეტი მსგავსი შეხვედრა უნდა იგეგმებოდეს.
გიორგი მარგველაშვილისთვის განხილვაზე დასწრება მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ის განმარტავს, ამგვარად მას ხალხის აზრის მოსმენის საშუალება აქვს.
„ჩემთვის ყველა ლეგიტიმურია, თუნდაც ეს კითხვა იყოს, ასე ვთქვათ, წინასწარ დაწერილი, მაინც მაინტერესებს იმიტომ, რომ მე ამ შემთხვევაში ვიღაცის პოზიციას მაინც ვისმენ, რადგან ვინც დაწერა ეს კითხვა, იმის პოზიციაც ჩემთვის საინტერესოა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრა, წინა განხილვების მსგავსად, საზოგადოების ძალიან ფართო ჩართულობით ჩატარდა.
„ყველანაირი აზრი იყო წარმოდგენილი დღეს დარბაზში, იგივე ხდება სხვა რეგიონებშიც, ეს არის საერთო სურათი. ჩვენ თვისობრივად შევცვალეთ კულტურა, რომელიც მანამდე იყო ჩამოყალიბებული, უფრო სწორად, არ იყო ჩამოყალიბებული. თქვენ ყველას გახსოვთ, როგორ წარიმართებოდა ასეთი ტიპის დისკუსიები წინა წლების განმავლობაში. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო ჩართულობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.