მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის რეალური მიზეზების დადგენას ამ დრომდე ცდილობენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკვე კომპანია საქნახშრის თანამშრომლების დაკითხვაც დაიწყება.
ტყიბულის შახტის თანამშრომლები არ საუბრობენ, დაიკითხნენ თუ არა ადმინისტრაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები, ან შედგა თუ არა მათთან კომუნიკაცია.
თანამშრომლები შახტის ჩავარდნის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ამბობენ, რომ მუშები, რომლებიც ბაგირის გამოცვლას აწარმოებდნენ, გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ.
მათივე თქმით, სარემონტო სამუშაო, რომელსაც მეშახტეები ასრულებდნენ, გეგმიური იყო. მეშახტეების ნაწილი მომხდარს უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირებენ.
უსაფრთხოების ნორმების არ არსებობასა და დარღვევებზე საუბრობს საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე. თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ პროფკავშირის პოზიციით სამუშაო ადგილი არ იყო სათანადოდ მომზადებული.
„ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ადგილი, სადაც გუშინ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, არ იყო მომზადებული სათანადოდ, რამაც გამოიწვია იმ ამწევი დანადგარის შახტაში ჩავარდნა, რომელზეც ხორციელდებოდა რემონტი და რომლის თავზეც ამ დროს იმყოფებოდა ოთხი ზეინკალი. საგულისხმოა ის, რომ საწარმო შემთხვევებისგან არც ერთ საწარმო არ არის დაზღვეული, მაგრამ ასეთ შემთხვევებში გამოსაკვლევია ის ფაქტი, რატომ არ ჰქონდათ ზეინკლებს დამზღვევი დაცვა გაკეთებული,“ - განაცხადა დოლაბერიძემ.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი მეშახტე დაიღუპა.