კვლავ დაძაბული ვითარება ხანდოს ხეობაში, სადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.
ადგილობრივები გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები მათ საფრთხეს უქმნის. საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ადგილზე დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
აქციამ ფასანაურში, ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლა და ადგილობრივი მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზა.
მწვავე პროტესტი გამოიწვია რამდენიმე წუთის წინ მომხდარმა დაპირისპირებამ. საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სპეცტექნიკის გაყვანის ნებართვა არ მისცა ადგილობრივებს. საპატრულო პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივ მოქალაქეს.
სწორედ ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტერიტორიაზე, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და ადგილობრივებმა ცენტრალურ მონაკვეთზე გადაინაცვლეს.
დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება. პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, რომ გაათავისუფლონ მოძრაობა. ადგილზე რჩებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
დაძაბულობა და ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის წინ უძღოდა აქციის მონაწილეებთან გამგებლების მისვლა. ფასანაურის და დუშეთის გამგებლები შეეცადნენ, გაეგოთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილომა.
“ჩვენ ისედაც ვაჩერებთ ერთი კვირით სამუშაოებს, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შესრულებული, თუ როგორ მოხდება შემარბილებელი ღონისძიებების გატარება კომპანია მიერ მშენებლობის პროცესში. არავის ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე იმიტომ, რომ ასეთი ხაზები ჩვენ საქართველოში გვაქვს 1300 კმ. სიგრძის ყველა რეგიონში," - განაცხადა ილია ელოშვილმა.