18 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
დაპირისპირება ფასანაურში - ორი პირი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება

ფასანაურში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული ორი ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მათგან ერთ-ერთი ის პირია, რომელმაც ტრაქტორს ქვა ესროლა, რის შემდეგაც აქციაზე ვითარება დაიძაბა. დაკავებულების საქმე სასამართლომ დღეს უნდა განიხილოს.

რაც შეეხება კიდევ ოთხ  ადამიანს, მცხეთის სასამართლომ ისინი 400-400 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.

დღის ბოლოს თბილისის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ფასანაურის აქციის მონაწილეები, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ლაშა ჩხარტიშვილი. ენმ-ის წევრები ვითარების დაძაბვაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ.

“იქ იყო აბსოლუტურად მშვიდი ვითარება რაღაც დრომდე, პროვოკაცია  მოდიოდა სწორედ სამართალდამცველების მხრიდან, რის შემდეგაც დაიწყო ეს შეხლაშემოხლა და დღეს არიან ადამიანები დაკავებულები. ცხადია, რომ იქ ადამიანები არ ითხოვენ არაფერს არაკანონიერს. ისინი ითხოვენ, უბრალოდ, თავიანთ სახლებში შეეძლოთ ისე ცხოვრება, რომ მათ ჯანმრთელობას არ შეექმნათ საფრთხე,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დაკავებულების წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის აღძრული.

დღის ამბები