18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ბოლო წლებში რამდენჯერმე დაიკითხნენ და გაუგებარია, დღეს რა ახალი გარემოება გამოიკვეთა - ადვოკატისთვის ბრალის დღეს წარდგენა გაუგებარია

პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულთა ადვოკატებს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მასალები გადასცა.

ადვოკატთა განცხადებით, ისინი ჯერჯერობით სრულად არ გაცნობიან მასალებს, თუმცა ერთ-ერთი დაკავებულის, ნუგზარ მარღიას, ინტერესების დამცველის, გელა ნიკოლაიშვილის, განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატის ინფორმაციით, მარღია წლების განმავლობაში რამდენჯერმე დაკითხეს,  სწორედ ამიტომ უფლებადამცველისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა დღეს მისთვის ბრალის წარდგენა.

„ჯერ თვითონ არ იცის, კონკრეტულად რა ეპიზოდებზეა ლაპარაკი. იქ არის დასახელებული სამი ეპიზოდი, 2011 წლის ივნისის, სექტემბრის და ნოემბრის, რომ, თითქოს, საკანში მან და რამდენიმე ადამიანმა 10 თუ 15 წუთის განმავლობაში ხელკეტებით სცემეს. ეს არის ის, რაც ზოგადად ბრალშია. ამ ჩვენებების გაცნობა მე ჯერჯერობით ვერ მოვასწარი. რატომ მოხდა, რომ 6 წლის შემდეგ გაირკვა მხოლოდ ეს.  მით უმეტეს, როდესაც გადავხედე, დაკითხული არიან 2012-ში, 2013, 2015-შიც, 2016-შიც და დღეს რა ახალი გარემოება გამოიკვეთა, რომ საშუალება მისცა, კონკრეტულად ნუგზარ მარღიას მიმართ ბრალი ყოფილიყო წარდგენილი,“ -განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს.

ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.  

მათ ბრალად პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობა ედებათ.
საქმე 2011-2012 წლებში მუშაობის პერიოდს ეხება.

ამავე თემაზე
დღის ამბები