ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერა და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთო ენერგეტიკის მინისტრმა, კასპის რაიონის სოფელ წინარეხში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ ეტაპზე, კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირება მოხდა და ბუნებრივი აირის მიღება დღეიდან 852 ოჯახს შეუძლია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებამ 970 ათასი ლარი შეადგინა.
„ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს წლებში ჩვენ დავასრულოთ მთლიანად საქართველოს გაზიფიცირება, სადაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დაერთების მოთხოვნის დროს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.