18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულების აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულების საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა. თუმცა, საქმე მათ მიმართ არ შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 30 მაისამდე გადაიდო. განხილვის გადადება დაცვის მხარემ საქმის მასალების გაცნობის მოტივით მოითხოვა. 

“ჩემი დაკავება ჩვეულებრივად რეჟიმის გამოხატულება იყო და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ჩვენი დაკავება მოხდა ინტერვიუს მიცემის დროს და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა პარლამენტის წინ, ეს იყო ძალადობით დაკავება. არ ვიცნობ საქმის მასალებს, რაში გვედება ბრალი არ ვიცით,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

დაკავებულების თქმით, აქციები გაგრძელდება და ის კვირაში ერთხელ გაიმართება.

საფინანსო კომპანია საქართველოს საქმის განხილვა ამით არ დასრულებულა ამ წუთებში ფერაძე-ლობჟანიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროკურორის ვანო ოქროპირიძის თქმით, დაზარალებულების დაკითხვა გრძელდება.

“დღეს გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა. იკითხებიან დაზარალებულები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე საქმეში წარდგენილი გვაქვს სხვადასხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მერაბ ფერაძის, თამაზ ლობჟანიძის და თამარ მეტრეველის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას,“ - განაცხადა პროკურორმა, ვანო ოქროპირიძემ.

დღის ამბები