მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფი სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომითი ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება და მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
„შრომითი ინსპექცია გაძლიერდება ამ მიმართულებით, მას გაუჩნდება სავალდებულო საზედამხედველო ფუნქცია, იქ სადაც მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები ტარდება. ხოლო, ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილშიც, უფრო ეფექტურად ამუშავდება ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს გააჩნია სახელმწიფოს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
განცხადება გააკეთა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც.
„შემდგომი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება შრომითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ, არის ახალი კანონპროექტი. ჩვენ ფორსირებულად დავასრულეთ მასზე მუშაობა, რეალურად, ალბათ რამდენიმე ტექნიკური იურიდიული საკითხი არის დარჩენილი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.