ძლიერი წვიმის და ქვათაცვენის გამო ზუგდიდი-მესტიის გზა ჩაიხერგა. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გზის 83-ე კილომეტრზე, სადაც ქვათცვენის საფრთხე კვლავ არსებობს და გადაადგილება აკრძალულია. გზის გახსნა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. ასევე ძლიერი წვიმის გამო ადიდდა მდინარე ბედურა. წყალმა გზის ნაწილი დააზიანა და შედეგად 5 სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
ადგილობრივები შიშობენ, რომ წყალი, მიწისქვეშა, მაღალი ძაბვის ელექტრო გაყვანილობასაც დააზიანებს, რაც გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.
გამგებლის წარმომადგენელი ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, ოთარ ჭკადუა აცხადებს, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მისივე თქმით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დათვლა მიმდინარეობს. ჭკადუას თქმით, საბოლოო შედეგები ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.