არასამთავრობო სექტორი NDI-ის კვლევების შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოსახლეობის მიერ რუსული პროპაგანდის არსებობის აღქმაზე ამახვილებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობას რესპოდენტთა 47% ეთანხმება, 27%-ის აზრით, რუსული პროპაგანდა არ არსებობს ქვეყანაში, 26%-მა კი არ იცის.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის შედეგი.
„ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აბსოლუტურად წინააღმდეგობრივ გზავნილებს აგზავნიდა საზოგადოებაში და მისი მცირე ნაწილი თესავდა შიშს, რომ თუ ჩვენ მოვახდენთ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს გამოიწვევს საფრთხის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან და სწორედ ეს შიშები ჩანს იმ კვლევაში. ურეაგიროდ რჩებოდა ასეთი დეზინფორმაციები და გამიზნული პროპაგანდა, მეორეს მხრივ, გარკვეულ შემთხვევებში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ სწორედ ასეთი პროპაგანდისტული გზავნილების წყარო,“ - აცხადებს თამარ კინწურაშვილი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა მესამე სექტორთან ერთად მეტად უნდა გააქტიურდეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
„ფაქტია, რომ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რამდენადაც რუსული სპეცსამსახურები, რუსული ტელევიზია, რუსული სხვადასხვა ფონდი ამის ქება დიდებას აკეთებენ, საჭიროა, რომ არა მარტო არასამთვრობო სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, არამედ მთავრობამაც მიხედოს იმას, რომ სიმართლე უთხრას ხალხს ამის შესახებ,“ - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.
NDI-მ საქართვლოს მასშტაბით აპრილში სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილი მომდევნო კვირას გასაჯაროვდება.