პარასკევის ტრადიციული ლოცვა მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა ისევ ღია ცისქვეშ, ე.წ. სადავო შენობის წინ ჩაატარეს. ისინი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას აპროტესტებენ. 2-წლიანი მუშაობის შემდეგ ე.წ. მოხეს კომისიამ შენობას, რომელიც ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის დაპირისპირების მიზეზია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მუსლიმები გადაწყვტილებას არ ეთანხმებიან და ლოცვის გაგრძელებას ისევ სადავო შენობის წინ აპირებენ.
2-წლიანი მუშაობის მიუხედავად, კომისიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობა ისე გადასცა, რომ მისი ისტორიული წარმომავლობის საკითხი არ დაუდგენია. მუსლიმებისთვის მიუღებელია კომისიის გადაწყვტილებაც, რომელიც სოფელში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითვალისწინებს.
ირკვევა, რომ მეჩეთის ასაშენებლად საკუთარი ხილის ბაღი სახელმწიფოს სოფელში მცხოვრებმა მუსლიმმა, ოთარ მიქელაძემ, გადასცა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მიქელაძეზე სამართალდამცველებმა ზეწოლა განახორციელეს. მიქელაძეს და მის შვილს ბრალი მოხეში ორი წლის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე აქვთ წარდგენილი.
ოთარ მიქელაძე აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილებას ქველმოქმედებით ხსნის. თუმცა, დღეს სხვა ადგილობრივებთან ერთად ისევ სადავო შენობის წინ ლოცულობს.
ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილს კომისიის გადაწყვტილება არ მოსწონს, ნაწილი კი კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმება.