ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა საქართველოს ხელისუფლებას დღეს ლოცვის დაწყებამდე მიმართეს. მათთვის გაუგებარია მიზეზები, რის გამოც ადგილობრივმა მთავრობამ მეჩეთის აშენების ნებართვაზე უარი უთხრა. მუსლიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მათ უფლებებს არღვევს.
ბათუმში მცხოვრები მუსლიმები წლებია, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეჩეთისთვის მიწის გადაცემას ითხოვდნენ. უარის შემდეგ, მათ მიწის ნაკვეთი შემოწირულობებით რამდენიმე თვის წინ თავად იყიდეს, თუმცა ბათუმის მერიამ გუშინ მშენებლობაზე უარი უთხრა.
ბათუმის მერიამ მუსლიმ მოსახლეობას მეჩეთის აშენებაზე უარი მიწის ადგილმდებარეობის გამო უთხრა. ოფიციალურ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ტერიტორია საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს და საკულტო ნაგებობისთვის შეუფერებელია.
ადგილობრივი ხელისუფლების არგუმენტები გაუგებარია რელიგიური კონფესიების უფლებებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის. სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია.
არასამთავრობოები ამ კონტექსტში განიხილავენ სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობასთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასაც. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისიის შექმნა და 2-წლიანი მსჯელობა ფორმალობა იყო.