სოფელ მუგუდას სასაფლაოზე სამშენებლო ტექნიკის მუშაობა ამ დროისთვის შეჩერებულია. ადგილზე ხანდოს ხეობის მოსახლეობა ცოტა ხნის წინ შეიკრიბა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები გააპროტესტა.
ამ დროისთვის ტექნიკამ მუშაობა შეწყვიტა, თუმცა, უცნობია, გაგრძელდება თუ არა სამუშაოები. ადგილობრივების ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა უშუალოდ სასაფლაოს ტერიტორიას თხრიდა.
მოსახლეობა სამუშაოების შეჩერებას და გადამცემი ხაზის ალტერნატიულ მარშრუტზე გადატანას ითხოვს. საპროტესტო აქციას მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა. ადგილობრივების გაღიზიანება სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი გადამცემი ძაბვის ე.წ. ანძები უკვე დამაგრებულია. სოფელ მუგუდას მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ეს ადგილები სეისმურად რთულ ჯგუფს მიეკუთვნება და სამუშაოების შეჩერების მიზნით ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა, მათი თქმით, მათ არავინ უსმენს.
რამდენიმე დღეა მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შეჩერებას არ გეგმავენ და არც მოსახლეობის მოთხოვნას, ალტერნატიული გზის გამონახვას ამ დრომდე არ თანხმდებიან.