თუშეთში ზვავში მოყოლილ მამაკაცს ეძებენ, კახეთის სამაშველო ბრიგადები უკვე შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან, მათ შორის ერთ-ერთი უკვე იქ იმყოფება, თუმცა მაშველებთან კონტაქტი გაწყვეტილია.
სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი რუაძე, რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ შეტყობინება 112-ზე შევიდა, რომლის მიხედვით, თუშეთში ზვავი გაწმენდითი სამუშაოების დროს მოწყდა და ერთ-ერთი მუშა ქვეშ მოიყოლა. რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე, სამაშველო სამსახურისთვის ჯერ უცნობია. მათ არ იციან, იქნება თუ არა საჭირო თუშეთში სპეციალური ტექნიკის აყვანა.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია, რუსთავი 2 დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.