ტრაგედია ტყიბულში, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა - ოთხი ადამიანი დაზიანებულ სატვირთო ლიფტთან ერთად 400-მეტრიან შახტში ჩაცვივდა და ადგილზე დაიღუპა.
ინჟინერ ტექნიკური პერსონალი შახტში გეგმიური სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად დილით შევიდა, სატვირთო ლიფტზე, ბადიის ანუ ნახშირის ამომღები მოწყობილობის ბაგირის შეცვლის დროს მოულოდნელად ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე 400 მეტრიან სიღრმეში თან ჩაიყოლა. ეს დაახლოებით 115 სართულიანი ცათამბჯენიდან ვარდნას ნიშნავს, შახტის სიმაღლე თბილისის სატელევიზიო ანძაზე ბევრად მეტია.
ქანჩის მისაწოდებლად ბადიიდან 3 მეტრში მდგარი მეხუთე მეშახტე ჯონდო გურგენიძე სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.
ბიქტორ დაღუნდარიძე, ალეკო ჭელიშვილი, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი თბილისიდან ჩასულმა სამაშველო ჯგუფმა თითქმის 14 საათიანი ძებნის შემდეგ 10 მაისს დილის 08:00 საათზე გარდაცვლილები იპოვეს.
გარდაცვლილების ახლობლები ჯონდო გურგენიძეს გადარჩენას ულოცავენ, მას უჭირს ახსნას რა მოხდა ზუსტად შემთხვევის ადგილას, რადგან მსგავსი სამუშაოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეშახტეები რეგულარულად ასრულებდნენ, ზუსტად ისე როგორც იმ დღეს.
ახალგაზრდა მეშახტეები 9 მაისის ტრაგედიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას და მოძველებულ ტექნიკას აბრალებენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღიძრა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბოლო 7 წლის განმავლობაში მინდელის შახტში 24 ადამიანი გარდაიცვალა და 19 მძიმედ დაშავდა.
ავტორი: თეა ადეიშვილი.