18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ის, რომ ბატონი ფარცხალაძე ჯერჯერობით დაკითხულიც არ არის, ძალიან დიდი პრობლემაა - არასამთავრობოები საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ. სამოქალაქო სექტორისთვის გაუგებარია, რატომ არ კეთდება განცხადებები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მხრიდან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის წარმომადგენლებს ასევე აინტერესებთ, გუშინ ყოფილი მთავარი პროკურორის სახლში, შს სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის მიზეზებიც.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ არაადეკვატურია მუხლიც, რომლითაც მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია ის ვიზიტი, რომელიც გვიან ღამით სავარაუდოდ, განხორციელდა შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან. რა სტატუსით, რა პირობებში, რა ვითარებაში მოხდა ეს შეხვედრა. კვალიფიკაცია მეტყველებს იმაზე, როგორ უყურებს გამოძიება ამ საქმეს. ეს არ არის ძალადობის რიგითი შემთხვევა და ცემის რიგითი შემთხვევა, როგორც ეს დააკვალიფიცირა საგამოძიებო ორგანომ. აქ ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან და ეს უნდა ჩანდეს კვალიფიკაციაში,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დროული დაკითხვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.

„ის რომ ბატონი ფარცხალაძე ჯერჯერობით დაკითხულიც არ არის, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ განვაცხადეთ კიდეც, რომ ეს იქნება ტესტი სახელმწიფოსთვის, რომ კონკრეტულად  პასუხი გასცეს ასეთი ტიპის ქმედებებს. აქ არის მთავარი ის თუ რაზე მიდიოდა მოკვლევა აუდიტის სამსახურში, ჩართული იყო თუ არა ამაში კონკრეტულად ფარცხალაძის კომპანია და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში თბილისის მერიას,“ - აცხადებს ეკა გიგაური.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს 12 მაისს დაესხნენ. ლაშა თორდია თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები