კვლავაც უცნობია როდის დაკითხავენ სამართალდამცველები ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. ლაშა თორდია კი, რომელმაც საავადმყოფო დღეს დატოვა, გამომძიებლებისთვის ჩვენებების მიცემას გეგმავს, მისი დაკითხვა გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა.
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გიგა მოსიაშვილი კი აცხადებს, რომ ხვალ პრესკონფერენციის გამართვა იგეგმება, სადაც საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებენ.
უფლებადამცველის თქმით, ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებენ ფაქტთან დაკავშირებით და ცდილობენ საჯაროდ გავრცელებული ყველა ინფორმაცია გადაამოწმონ.
„ჩვენ, ჩვენის მხრივ, გარკვეულწილად ვიძიებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას დაადასტურებს. ჩვენი მიზანი არის, რომ საზოგადოებას, მედიასაშუალებებს მივაწოდოთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. ნამდვილად არ ყოფილა ამ ქმედების ინიციატორი ბატონი ოთარი. დღეის მდგომარეობით, როგორი კონტურებიც გამოჩნდა, უფრო არის პროვოცირებასთან საქმე, ვიდრე ზოგადად იმ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რაც გავრცელდა მედიასაშუალებების მეშვეობით. დეტალებთან დაკავშირებით, ვაპირებთ, რომ ხვალ გავმართოთ პრესკონფერენცია,“ - განაცხადა მოსიაშვილმა.