გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე 10 მაისს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 31 დეკემბერს გირჩის ოფისში 84 ძირი კანაფის დათესვის საქმეზე ის მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს. ჯაფარიძის განცხადებით, კანაფის დათესვა სისხლის სამართლის დანაშაულს აღარ წარმოადგენს და ეს არის კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის "გაადამიანურების" მიმართულებით.
მიუხედავათ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებისა გირჩის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების ტერორი დასრულდეს.
„ჩვენი აზრით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ზღვაში წვეთი. არ მგონია, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული გამარჯვება, თუმცა ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა მანამ, სანამ არ მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც არის ჩვენი მიზანი,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.