სპეცსამსახურები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული კიბერთავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას ცდილობენ.
გამოძიება მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს და კომპიუტერის სპეციალისტებმა პირველ შედეგსაც მიაღწიეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ორი ჰაკერული დაჯგუფების ვონაქრაისა და ლაზარუსის კოდები ერთმანეთის მსგავსია. ვონაქრაიმ უქმეებზე მოაწყო კიბერთავდასხმა, ლაზარუსმა კი 2014 წელს კომპანია სონი დააზარალა.
ვონაქრაი კიბერთავდასხმის შემდეგ კომპანიებსა და დაწესებულებებს გამოსასყიდის სახით თანხას სთხოვდა. იგივე შეემთხვა Walt Disney-ის კინოსტუდიასაც. უცნობი ჰაკერები სტუდიას საკმაოდ სოლიდურ თანხას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლესი ფილმების ვიდეო რგოლების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებიან. შესაძლოა, საუბარი იყოს კარიბის ზღვის მეკობრეების ბოლო სერიაზე, რომელიც კინოეკრანებზე 26 მაისს გამოდის, ან მულტიპლიკაციურ ფილმზე - მანქანები სამი. პიქსარის ახალი პროდუქციის პრემიერა ივნისშია დაგეგმილი.