სოფელ ერისიმედის მოსახლეობა ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებას ელოდება. აზერბაიჯანის საზღვართან ამ დრომდე არ არის სადემარკაციო ხაზი, რის გამოც ეს ტერიტორია სადაოა და გაურკვეველია. პრობლემის გამო, სოფლის მაცხოვრებლები ვერც მიწებს იკანონებენ და სხვადასხვა ინციდენტებიც ხშირია. ადგილობრივები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პირობა ამ პრობლემის მოგვარების იუსტიციის მინისტრისგან ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღეს, თუმცა, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
საზღვრის დემარკაციის პრობლემაზე საუბრობენ საჯარო რეესტრშიც, სადაც კერძო საკუთრების დაკანონება უნდა მოხდეს. უწყებაში ამბობენ, რომ ვიდრე ეს საკითხი არ გაირკვევა, მოსახლეობის დახმარებას ვერ შეძლებენ.
სოფელ ერისიმედში სხვა პრობლემებზეც საუბრობენ, რომელსაც ორი სახელმწიფოს მოლაპარაკება არ სჭირდება. საკმაოდ დიდ სოფელში, სადაც ძირითადად ეკომიგრანტები ცხოვრობენ, ამჟამად მხოლოდ 70 ოჯახია დარჩენილი. მოუწესრიგებელია სავალი გზა, არ არის ბუნებრივი აირი, არ არის მაღაზია და აფთიაქი. მათი თქმით, ყველა ამ პრობლემის მოგვარების დაპირება უკვე მიიღეს, თუმცა მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ასევე, დაპირებად რჩება სოციალური დახმარებაც.
პრობლემებს აღიარებს სოფლის გამგებელი. ამბობს, რომ გზის პროექტი არსებობს და უახლოეს წლებში განხორციელდება.
ავტორი: ია გულიაშვილი.