დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთის საკრებულოში თვითმმართველობის რეფორმის განხილვა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობაში სამგლოვიარო გვირგვინის შეტანა სურდათ, თუმცა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.
მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სამინისტროს მოთხოვნის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანება მოხდეს.
უწყების ამ მოთხოვნას საკრებულოს უმეტესი ნაწილი დაეთანხმა.
ამის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საკრებულოს შენობაში სამგლოვიარო გვირგვინი მიეტანათ. მათ შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა.