ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძე, ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკის ფაქტს კურიერთან პირდაპირ ეთერში, სატალეფონო საუბრისას აფასებს. ელისო კილაძე ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში ადანაშაულებს.
ქრონიკა პლუსის რედაქტორის თქმით, ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში მიმდინარე ჩხრეკით მოსამართლეზე ანგარიშსწორებას ახდენენ.
„ამ ფაქტს მე პირდაპირ ვუკავშირებ რუსთავი 2-ის საქმეს, იმიტომ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები, დეპუტატები და აქტივისტები საჯაროდ საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ რუსთავი 2-ის საქმე სტრასბურგში სწორედ ნონა წოწორიამ ჩააწყო და ის 2 გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიიღო, არის ნონა წოწორიას ზემოქმედების შედეგი. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება მოსამართლეზე და ამ შემთხვევაშიც ჩართულია შსს, ძალოვანი უწყება და მიმდინარეობს სადამსჯელო ოპერაცია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ოჯახის წევრის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
ქრონიკა პლუსის რედაქტორმა აღნიშნა, რომ წოწორიას ძმის დაკავებას არ გამორიცხავს.