ოთარ წოწორიას ადვოკატები ამ დრომდე ელოდებიან პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალისტიკური ექსპერტიზისგან. წოწორიას ინტერესების დამცველებისთვის ასევე უცნობია თუ კონკრეტულად, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით და რა კავშირი აქვს უშუალოდ წოწორიას ამ საქმესთან.
სავარაუდოდ ექსპერტიზის პასუხზე იქნება დამოკიდებული, წარუდგენენ თუ არა წოწორიას ბრალს. როგორც ოთარ წოწორიას უფლებადამცველი დავით ჩავლეიშვილი აცხადებს, გამოძიებას წოწორიასთვის ბრალის წარდგენის საფუძველი და მტკიცებულებები არ გააჩნია.
ადვოკატები, საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებსა და ეჭვებზეც საუბრობენ.
ადვოკატის თქმით, საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს და როგორც თავად ოთარ წოწორია ამბობს, ის მისი დის, მოსამართლე ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდება.
„ჩხრეკის თაობაზე ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს, თვით ოთარიც აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართული ჩხრეკა დაკავშირებულია მისი დის საქმიანობასთან და პოლიტიკური ელფერი აქვს ამ სისხლის სამართლის საქმეს,“ - განაცხადა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
უფლებადამცველები გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებულ ჩხრეკაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ადვოკატების თქმით, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ოთარ წოწორიას ჩხრეკისას დამსწრეების მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
„ჩვენთვის ძალიან საეჭვოა ამ ჩხრეკების ჩატარება გადაუდებელ აუცილებლობაში. რა ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა მოსამართლის განჩინების მოპოვება. საღამოს გვიან ჩატარდა ეს ჩხრეკა, ასევე ეჭვებს გვიმძაფრებს ის გარემოებაც, რომ ითხოვდა ბატონი ოთარი დამსწრეების მონაწილეობას, რაზეც მას უარი ეთქვა. თუმცა, არ განუმარტავთ, რატომ ეთქვათ უარი დამსწრეების მონაწილეობაზე,“-აცხადებს ადვოკატი ლევან მასხარაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა.
უწყების ინფორმაციით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.