არასამთვრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კვალიფიკაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე მომხდარი თავდასხმის საქმეს ამ დრომდე მინიჭებული აქვს, არასწორია. მათივე შეფასებით, 126-ე ძალადობის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, არ არის რელევანტური, რადგან დაზარალებული კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელია.
„საგამოძიებო ორგანოები არასრულფასოვნად აფასებენ მომხდარ ინციდენტს, მათ შორის იმ მდგომაროებას, რომ ინციდენტში დაზარალებულია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი პირი და დაზარალებული საუბრობს, რომ ინციდენტში მონაწილეობდა ყოფილი მთავარი პროკურორი. ცხადია, კანონმდებლობის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა არის დასჯადი, გულისხმობს ნებისმიერ პირს არჩევით თუ დანიშვნად თანამდებობაზე, რომელიც ახორციელებს ხელისუფლებას, არის ზედამხედველი ან მაკონტროლებელი ფუნქციის განმახორციელებელი ორგანო, აუდიტის სამსახური, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა, გენერალური აუდიტორი, რომლის სტატუსი კონსტიტუციაში არის განსაზღვრული, ცხადია ვერ იქნება გამორიცხული დაცვის იმ მექანიზმებიდან, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს,“- განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში განმარტავენ, რომ როდესაც საუბარია ლაშა თორდიაზე შესაძლო სამსახურებრივი საქმიანობის გამო თავდასხმაზე, გენერალური აუდიტორი ხელისუფლების წარმომადგენლად უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან, ის არის კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი.