18 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა - ევროსასამართლოს მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს

ევროსასამართლოს მოსამართლე, ნონა წოწორია, ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სტრასბურგში მის საქმიანობას უკავშირებს და ზეწოლად აფასებს. ოთარ წოწორიაც სახლიდან იარაღის ამოღებას დის საქმიანობას და ზეწოლას უკავშირებს.

სტრასბურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას, ძმასთან გუშინ სამართალდამცველები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ, 4-საათიანი ჩხრეკის შემდეგ მათ ორი სანადირო თოფი, პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.

წოწორია ამბობს, რომ სახლში მხოლოდ ორი სანადირო თოფი ჰქონდა, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული, ამოღებულ ვაზნებთან და იარაღთან კავშირს ის კატეგორულად უარყოფს. 

ოთარ წოწორიას ადვოკატები ამბობენ, რომ ჩხრეკა გუშინ მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა. ისინი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და არ გამორიცხავენ, რომ წოწორიას ბრალი წაუყენონ.

ოჯახის წევრების თქმით, სამზარეულოში სამართალდამცველები მას შემდეგ შევიდნენ, რაც ჩხრეკა ჯერ ავტოსახელოსნოში ჩაატარეს. საეჭვო გარემოებებს შორის წოწორიების ოჯახი და ამავე სახელოსნოში დასაქმებული კიდევ ერთი პირი ერთი კვირის წინ მომხდარს ასახელებენ, როცა გაურკვეველი საბუთით ავტოფარეხში რამდენიმე ადამიანი შევიდა და სახელოსნო დაათვალიერა.

ავტოსახელოსნო სახლის ტერიტორიაზე ოთარ წოწორიას 10 წელზე მეტია, აქვს. ის თავად მუშაობს ხელოსნად და, მეზობლების თქმით, ოჯახს კრიმინალურ შემთხვევებთან კავშირი არასდროს ჰქონია. 

ბათუმში სახელოსნოს მიმდებარედ მცხოვრებლების ვარაუდით, ჩატარებული ჩხრეკა ნონა წოწორიას საქმიანობასა და რუსთავი2-თან არის კავშირში.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები