ევროპული საქართველო მთავარ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმაზე პარალმენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ბიუროს სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს. ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობაც. საგამოძიებო კომისიის საკითხს გასულ კვირას დეპუტატებმა კენჭი არ უყარეს. უმცირესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტმა საზოგადოებას ამ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს.
„ფარცხალაძემ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და ფარცხალაძის საქმის გამოძიება არის პარლამენტის ღირსების საქმე და უმრავლესობას არ ჰქონდა არცერთი არგუმენტი, ამიტომ ჩვენ მივეცით დრო, რომ გავიაროთ კონსულტაციები და მივცეთ შანსი, რომ სახე შეინარჩუნონ, იმიტომ, რომ ამით მართლაც სილა გააწნა მთელ უმრავლესობას,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
ევროპული საქართვლოს ინიციატივას ნაციონალურ მოძრაობაში მხარს უჭერენ, თუმცა მათ უმრავლესობის მხრიდან ობიექტური გამოძიების ჩატარების იმედი არ აქვთ.
„ეს კომისია უნდა შეიქმნას, დარჩა მხოლოდ კენჭისყრა, თუ უმრავლესობა ჩააგდებს და არ დაუჭერს მხარს, ეს იქნება ძალიან სამარცხვინო საქმე, ეს იქნება ლუსტრაცია, გამოვლენა დეპუტატებისა, რომლებიც ქვეყანაში კორუფციას უწყობენ ხელს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი ნაადრევია და პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს მუშაობა უნდა აცადოს.
„ეს არის უბრალოდ ისეთი რამ, რაზეც არ შეიძლება 2 აზრიც კი არსებობდეს, მაშინ საერთოდ საგამოძიებო ორგანოების ლეგიტიმურობის საკითხი დგას დღის წესრიგში, რისთვის გვყავს ჩვენ საგამოძიებო ორგანოები, თუკი ჩვენ არ ვაცლით მათ გამოძიების ჩატარებას,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა.