თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ დღეს აუდიტის სამსახურმა მერიისა და საკრებულოს ზოგიერთი წევრის შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტები გამოავლინა.
ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს კანონდარღვევებს ხელი დააფაროს.
„სწორედ ამ გზით დააგროვა მან მილიონიანი ქონება და ახლა ცდილობენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების და ქართული ოცნების წარმომადგენლები რამენაირად მიჩქმალონ და ხელი დააფარონ მსგავსი ტიპის კანონდარღვევებს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
ოპოზიცია ამ საკითხზე საკრებულოში მერის, დავით ნარმანიას მოწვევას გეგმავს.
„უკვე კორუფციის ჭაობად არის ქცეული თბილისის მერია. ამ ჭაობის სათავეში ფორმალურად მოიაზრება დავით ნარმანია, თუმცა, ძალიან კარგად ვხვდებით, რომ უკვე სახელმწიფო უწყებები და ყოფილი პრემიერიც იყო ამ სქემაში ჩართული. ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ყველა ოპოზიციურმა ფრაქციამ ერთდროულად კიდევ ერთხელ უნდა მოვითხოვოთ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.
დღეს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ, ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება მიწის გაცვლის თაობაზე და დეპუტატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ამ დრო კომპანიის მფლობელებს შორის არ ყოფილა. მისი განცხადებით, 2014 წლამდე დაყენებული საკითხები წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია.
„2015 წლის აპრილში, როდესაც საკრებულომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი არის იგივე ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე, 2006 წელს ის დააარსეს,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოში თბილისის მერის დაბარების საფუძველს უმრავლესობის წარმომადგენლები ვერ ხედავენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე აუდიტის სამსახურში წარადგინეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის კომპანიები წლების განმავლობაში, სავარაუდოდ დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.