თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევას არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. სამოქალაქო სექტორისთვის ცვლილების მიზანი გაუგებარია, რადგან ხელისუფლება ვერ ასაბუთებს ამ რეფორმის მნიშვნელობას, ასევე რატომ სურს წლების წინ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის რეფორმას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და ცვლილებებს თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.
„ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის, თვითმმართველობისთვის. სრულიად წარმოუდგენელია, რომ დეპუტატები, რომელთაც ხალხმა მისცა ხმა, ხმას აძლევდნენ თვითმმართველობის გაუქმებას და ეს დეპუტატები ხალხის მიერ მინიჭებულ ნდობას იყენებდნენ იმისთვის, რომ პრაქტიკულად ხალხს უთხრან, რომ მომდევნო არჩევნებზე თქვენ ვეღარ აირჩევთ თქვენი თემის ან თქვენი ქალაქის თვითმმართველობას,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, მმართველმა გუნდა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მოსახლეობასთან და არასამთავრობოებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.