კლინიკა ლანცეტის დირექტორი, ფარმან ჯეირანლი, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
სახელმწიფო ბრალდება მიუთითებს, რომ ბრალდებულს, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მან მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა, ასევე მისი ორმაგი მოქალაქეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მან ქვეყანა დატოვოს და შესაბამისად, ამით მან ხელი შეუშალოს სასამართლოს და გამოძიებას.
რაც შეხება ბრალდებულს, კლინიკა ლანცეტის ხელმძღვანელი უარყოფს მისთვის წარდგენილ ბრალს და აცხადებს, რომ ის, რაც პროკურატურის ბრალში არის მითითებული, არც ერთი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს. ფარმან ჯეირანლიმ სასამართლოზე მიუთითა, რომ დაკავების მომენტში პროკურატურის მხრიდან, მის მიმართ იქნა დარღვეული მისი უფლებები.
კლინიკა ლანცეტის ხელმძღვანელის ადვოკატები ამ ეტაპზე ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
„აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ლიცენზირებული ექიმები იყვნენ, უბრალოდ რაღაც ვადით ჰქონდათ ეს ლიცენზია და მეორე უკვე რომ გავიდა ეს ვადა, ახალ ლიცენზიას ელოდებოდნენ ისინი. იმ პერიოდში მოხდა ამ ავადმყოფების მიყვანა,“ - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.